თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ და შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.
„საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში >>
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 - პოლიციელია. დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ხელების არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე ადამიანი დღემდე რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმეა.