საპატრიარქო: ეს იყო ხელისუფლების შეცდომა

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი ხელისუფლების შეცდომა იყო.

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

„ჩვენთვის სულ ერთი არ არის“ - ლუკაშენკომ თბილისში მომხდარი შეაფასა

„ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას", -აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს პოზიციით,  ხელისუფლების შეცდომას  მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები ჩქარა განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.

„ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.