რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, განუცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

თალაკვაძის ინფორმაციით, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

„დემეტრეს თვალის ფასი არაფერია, სტუდენტია, აფხაზეთიდან დევნილი“ - გიორგი გასვიანი

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.