რეზინის ტყვია მსახიობს თვალში მოხვდა – ექიმებმა სასწაული მოახდინეს

უახლოესი სამი დღე დემეტრე ნაყოფია რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება, შემდეგ კი პალატაში გადაიყვანენ
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. თბილისში გუშინ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ არა მხოლოდ მანიფესტანტები, ჟურნალისტები და პოლიციელები, არამედ არეულობის მსხვერპლი გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაც გახდა.

საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე>>

23 წლის მსახიობი, რომელმაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოსუნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა, რუსთაველზე სხვა ახალგაზრდობის მსგავსად გავიდა – გამოეხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია. როდესაც პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, დემეტრეს რეზზინის ტყვია პირდაპირ მარცხენა თვალში მოხვდა.

მისმა ფოტომ, რომელზეც დემეტრე ობიექტივში იყურება, ხოლო თვალზე სისხლიანი ჭრლობა აქვს, მთელი ინტერნეტი მოიარა. საზოგადოება შეძრული იყო ნანახით და არ სჯეროდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი თვალს დაკარგავდა.

„ყველა დაისჯება“ – შსს–მ არეულობების ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმე აღძრა

და მართლაც, ქართველმა ექიმებმა საოცრება მოახდინეს და დემეტრეს მხედველობა შეუნარჩუნეს.

„ჩვენმა ექიმებმა მართლაც სასწაული მოახდინეს. სამი ქირურგი მრავალი საათის განმავლობაში იბრძოდა დემეტრეს მხედველობისთვის. ჩატარდა ორი ოპერაცია და მათ მოახერხეს დემეტრეს თვალის გადარჩენა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გრიბოედოვის თეატრის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში დემეტრე რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, ხოლო შემდეგ პალატაში გადაიყვანენ. გამოწერის შემდეგ მას რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი ელოდება.