გიორგი კვირიკაშვილი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებს სთავაზობს

კვირიკაშვილი  მიმართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ  ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი  – Sputnik.  ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა, ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით  საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს>>>

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა დესტრუქციულად წარმართა შექმნილი ვითარება, თუმცა,  ხელისუფლებამ უფრო მძიმე და მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები

ექს–პრემიერს შექმნილი რთული სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად ერთადერთ გამოსავლად მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება მიაჩნია. გარდა ამისა, კვირიკაშვილი  მიმართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ  ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა  და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობს.

1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე;

2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას.

3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.

20 ივნისს თბილისში გამართულ  საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას დაუკავშირდა, 240 ადამიანი დაშავდა, 300-ზე მეტი კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.