მამუკა ბახტაძე: „პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში“

პრემიერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში.

რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის პროვოცირების მიზეზი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გახდა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის პრეზიდენტის ამპლუაში. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ სამშობლოს უღალატა, როდესაც გავრილოვს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო გავრილოვს. ხელისუფლებამ მოვლენები ღონისძიების ორგანიზატორების პროტოკოლში გაპარული შეცდომით განმარტა.

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს

„ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა - შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით,  რუსთაველის გამზირზე რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

„მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს მოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

არეულობა პარლამენტის წინ: თბილისის საავადმყოფოებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება

„ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული“, – აღნიშნა პრემიერ– მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა.

„ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

პრემიერის განცხადებით, იმავდროულად, ხელისუფლება  ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველყოფს, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

„ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პოლიცია რუსთაველის გამზირზე კონტროლის აღდგენას ცდილობს

მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ. მისი განცხადებით ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

დღეს დღის მეორე ნახევარში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი - წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათმა აქტივისტებმა და თანამოაზრეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ღამით რამდენჯერმე გამოიყენა სპეცსაშუალებები, მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ბევრი მათგანი ადგილზე დარჩა, მეტიც, მათ განაგრძეს პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ჯოხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.

წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება, ვინც წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს და არეულობას იწვევდა.