რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს

პარლამენტის შენობის წინ კვლავ დაძაბული ვითარებაა
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე მმართველია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისი დაარბიეს, იუწყება პირველი არხი.

ოფისის ფანჯრიდან გადმოყარეს და ფეხებით გათელეს ფლაერები „ქართული ოცნების“ სიმბოლიკით. აქციის რამდენიმე მონაწილემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა დაწვა.

არეულობა პარლამენტის წინ: თბილისის საავადმყოფოებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება

ამჟამად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა მიმდინარეობს. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს. მანამდე გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი. თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ისინი ბარიკადების აღმართვას ცდილობენ.

საპროტესტო აქცია დღეს საღამოს დაიწყო. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა და ინტოქსიკაცია მიიღო. მიმდინარეობს დაკავებები.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პოლიცია რუსთაველის გამზირზე კონტროლის აღდგენას ცდილობს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.