რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, უნიკალური ფოლკლორით, გემრიელი კერძებით, ქეიფითა და დროსტარებით, არამედ სამკურნალო კურორტებითაც, სადაც საუკეთესო ბუნებრივი პირობებია ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად
Sputnik

რბილი კლიმატი, სუფთა ჰაერი, თერმული წყაროებისა და სამკურნალო ტალახის საბადოების სიუხვე, ასევე შავი ზღვის სანაპირო - ეს ყველაფერი ქვეყანაში სამკურნალო კურორტების განვითარებას უწყობს ხელს.

Sputnik-საქართველო“ გიამბობთ, რომელ დაავადებებს მკურნალობენ ქვეყნის ძირითად სამკურნალო კურორტებზე.

აბასთუმანი

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი, რომელიც თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე  მდებარეობს.

აბასთუმანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაჩნდება

აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.

კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს.

საირმე

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

საირმეში დასვენებას ურჩევენ ადამიანებს, რომელთაც შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული პროსტატიტი, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი და სხვა დაავადებები აწუხებს. კურორტი ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

მინერალური წყლები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამის გარდა, საირმეში ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობასაც შეძლებთ.

კურორტი საირმე: საქართველოს ღირსშესანიშნაობები>>

საირმის სამკურნალო კურორტი ქუთაისის სამხრეთით, თბილისიდან 245 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის საინტერესოა უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

საირმემ, როგორც სამკურნალო ადგილმა, სახელი გაითქვა XIX საუკუნის მიწურულს, ხოლო სამკურნალო კურორტმა ფუნქციონირება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. საირმეში აშენდა საკურორტო ნაგებობები, მეცნიერებმა შეისწავლეს მინერალური წყლების შემადგენლობა და მათი სამკურნალო თვისებები, მოეწყო სამედიცინო მომსახურების პუნქტები.

ახტალა

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული სისტემისა და სახსრების პრობლემები აწუხებს, სამკურნალოდ კურორტ ახტალაში წასვლას ურჩევენ.

ახტალა უმთავრესად ცნობილია ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახით.

აქ ტალახით კურნავენ ძვალ-სახსროვან, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, დერმატოლოგიურ და სხვა დაავადებებს. ახტალა თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით, ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 410-430 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ახტალას სამკურნალო ტალახებზე ცნობები გვხვდება ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეების ისტორიკოსების ქრონიკებში. ტალახის სამკურნალო თვისებების შესწავლა 1928 წელს დაიწყო.

ურეკი

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

შავი ზღვისპირა კურორტი ურეკი შესანიშნავი ადგილია ფილტვების, რაქიტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ექიმების მტკიცებით, ურეკის მაგნიტური ქვიშა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის უებარი წამალიცაა. 

ურეკის მაგნიტური ქვიშა დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და შეუძლია მრავალი დაავადებისგან განკურნება. ის არის ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. გარდა ამისა, მაგნიტური ქვიშა აჩქარებს ბიოლოგიურ პროცესებს და აძლიერებს იმუნიტეტს.

ურეკი და შეკვეთილი: საბაგირო, საავტომობილო გზები, ხიდები, ტრამვაი – განვითარების გეგმები>>

ურეკის სანაპირო მისწრებაა ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან ზღვა აქ ღრმა არ არის.

შავი ზღვისპირა კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ოფიციალურად კურორტი 1971 წლიდან არსებობს. აქ ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა - საშუალო წლიური ტემპერატურა 14,3 გრადუსია.

ნუნისი

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

ნუნისის ჰავა და მინერალური წყალი განსაკუთრებით უხდება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, სებორეა, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, ნევრალგია, რადიკულიტი, კანის ინფექციური დაავადებები, ვირუსული დაავადებები, გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, ალერგია და მრავალი სხვა.

ეს მცირე ზომის ბალნეოლოგიური კურორტი ხარაგაულის რაიონში, თბილისიდან 170 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, მინერალური სამკურნალო წყალი კი მას ხიბლს მატებს.

სამკურნალო კურორტების შესახებ ბროშურა გამოიცა>>

ნუნისის წყლებს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ახასიათებს მაღალი ტუტე რეაქცია, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების მკურნალობას. კვლევისას წყალში აღმოაჩინეს კალიუმი, იოდი, მანგანუმი, გოგირდის აირი, აზოტი, მეთანი და სხვა ნივთიერებები.