დარბაზის ოვაციები და მოგონებები დანელიაზე - ოლეგ ბასილაშვილი სტუმრად ივან ურგანტთან

ცნობილმა მსახიობმა გაიხსენა, როგორ დაამტკიცა იგი გიორგი დანელიამ მთავარ როლზე ფილმში „შემოდგომის მარათონი“
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თეატრისა და კინოს დამსახურებული მსახიობი, წარმოშობით ქართველი ოლეგ ბასილაშვილი რუსეთის ტელევიზიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას Вечерний Ургант ესტუმრა.

თბილისის მერი და ბერა ივანიშვილი ურგანტის დაბადების დღეზე გაერთნენ >>

როგორც პროგრამის წამყვანმა ივან ურგანტმა მსახიობის დარბაზში გამოჩენამდე აღნიშნა, ის ბედნიერია, რომ ბასილაშვილი მათთან სტუმრობას დასთანხმდა.

„ჩვენს დღევანდელ სტუმარს შემოდგომაზე 85 წელი უსრულდება. იცით, ბედნიერები ვართ, რომ იგი მოწვევას დასთანხმდა და ჩვენი გადაცემის ისტორიაში პირველად მოვიდა სტუმრად, რადგანაც, არ მოგატყუებთ და ზოგადი ფრაზებისგანაც თავს შევიკავებ - ის უბრალოდ ჩემი საყვარელი მსახიობია - ოლეგ ბასილაშვილი“, - განაცხადა ურგანტმა.

ბასილაშვილის გამოჩენას დარბაზი ფეხზე ამდგარი, მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგება.

„სოსო - კრასაფფჩიკ!“ - რუსმა შოუმენმა პავლიაშვილის მიერ ნამღერი ბლუზის ვიდეო ატვირთა

ურგანტმა საუბარი კინოზე დაიწყო და გაიხსენა ფილმი „შემოდგომის მარათონი“. წამყვანი დაინტერესდა, მართალი იყო თუ არა, რომ დანელიას არ უნდოდა ბასილაშვილის დამტკიცება ანდრეი ბუზიკინის როლზე.

„არ უნდოდა, რადგან პირადად არ მიცნობდა, ფილმში ვყავდი ნანახი. ძირითადად, მოხერხებული, წარმოსადეგი, ცივსისხლიანი ნაძირლების როლებს ვასრულებდი“, - დაიწყო ბასილაშვილმა მოყოლა.

მისი თქმით, დანელიას არ ჯეროდა, რომ ბასილაშვილი ყველაფრის თამაშს შეძლებდა. მაგრამ, მსახიობის თქმით, საქმე „გაჩარხა“ ლენოჩკა სუდაკოვამ - დანელიას თანაშემწემ, რომელიც ბასილაშვილს პირადად არ იცნობდა.

„პროვოკაცია მოაწყო: გამომიძახა თითქოსდა კინოსინჯებზე, მეც „მოსფილმში“ მივედი. მეუბნება: „დანელიასთან შებრძანდით, თუ შეიძლება“. შევდივარ დანელიასთან და ვეუბნები: „გამარჯობა, გიორგი ნიკოლაევიჩ, კინოსინჯებზე მოვედი“, ის კი მიყურებს გაოცებული“, - იგონებს ბასილაშვილი.

მსახიობის თქმით, თანაშემწე გოგონამ იცოდა, რომ დანელია კეთილშობილი ადამიანი და ნამდვილი ინტელიგენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იერით „მთის არწივს“ უფრო ჰგავდა.

ოლეგ ბასილაშვილი - საუკეთესო როლები კინოსა და თეატრში

„ძალიან დაიბნა და მითხრა: „დიახ, რა თქმა უნდა, რატომ იგვიანებთ?“, - იხსენებს მსახიობი.

დასასრულს მსახიობმა აღნიშნა, რომ მან ცოტა ხნის წინ ორი მძიმე დარტყმა გადაიტანა - სერგეი იურსკისა და გიორგი დანელიას სიკვდილი. ამ ადამიანებმა, ბასილაშვილის სიტყვებით, მის ცხოვრებაში გიგანტური როლი შეასრულეს.

ოლეგ ბასილაშვილს შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი როლი სცენაზე და ასზე მეტი - კინოში. ბასილაშვილს მაყურებელი კარგად იცნობს კინოფილმებიდან „სამსახურებრივი რომანი“, „შემოდგომის მარათონი“, „სადგური ორისათვის“ და სხვ.

ოლეგ ბასილაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე (2011) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის ლაურეატია (2010, საქართველო).