საჭიროა სისხლი! საქართველოს მოქალაქეებს უანგარო დონორობისკენ მოუწოდებენ

საქართველოში სისხლის გადასხმა ყოველწლიურად 20 ათასამდე ადამიანს ესაჭიროება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყნის მოქალაქეებს სისხლის უანგაროდ ჩაბარებისკენ მოუწოდა.

ბოლო წლებში სისხლის უანგარო დონაცია საქართველოში 8%-დან 28%-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს, გამყრელიძის სიტყვებით, საკმარისი არაა და აუცილებელია მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდა.

„ერთ წელიწადში საქართველოში ასი ათასამდე დონაცია გვაქვს... უანგარო დონაცია სისხლის უსაფრთხოდ გადასხმის გარანტიაა“, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან „ზაფხულის დაავადებები"? ინფექციონისტი მთავარ საფრთხეებზე

მისი თქმით, საქართველოში სისხლის გადასხმა ყოველწლიურად 20 ათასამდე ადამიანს ესაჭიროება.

საქართველოში პერიოდულად იმართება სისხლის უანგაროდ ჩაბარების კამპანია. ზოგიერთი საჯარო და კერძო ორგანიზაციის თანამშრომლები სისტემატურად აბარებენ სისხლს.

2011 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს პროგრამა „უსაფრთხო სისხლი“. დღეისათვის ამ პროგრამაში სისხლის 13 ბანკი მონაწილეობს.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია იმ დაავადებების თავიდან აცილება, რომლებიც სისხლის გადასხმით გადადის, და ანაზღაურებადი დონორობის ეტაპობრივად ჩანაცვლება უანგარო დონორობით.