თბილისი პრაიდი „ლგბტ კვირეულის“ ჩატარებას კვლავ აანონსებს

თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვისა იყო დაგეგმილი
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საქართველოს დედაქალაქში „ლგბტ−პრაიდის კვირეულის“ ჩატარებას არსებული რისკების მიუხედავად მაინც გეგმავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არსებობს რისკი“ – ნიდერლანდების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ორგანიზატორების განცხადებით, საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მათი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და  მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, „თბილისის პრაიდის“ გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ „განსხვავებულად“ აღიქმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვისა იყო დაგეგმილი.  ღონისძიების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო ლგბტ−თემის პრობლემებისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენციაც  — „ღირსების მარში“ და სხვა აქტივობები.

გასულ პარასკევს საქართველოს საპატრიარქომ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად კონტრაქციაც შეიკრიბა. აქციების მონაწილეებს შორის მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის შედეგად 28 ადამიანი დააკავეს.

ლევან ვასაძემ ქუჩების პატრულირებაზე უარი თქვა

კვირას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მიტინგი ჩაატარა, სადაც „ლგბტ-პრაიდის კვირეულის“ ჩატარების დღეებში, 18-23 ივნისს, დააანონსა ადამიანების ჯგუფების შექმნა, რომლებიც ტრადიციული ფასეულობების დასაცავად დადგებიან.

ვასაძის განცხადების შემდეგ ლგბტ-აქტივისტებმა შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს. ბიზნესმენის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მოჰყვა და უწყებამ უკანონო ფორმირების შექმნის, მისი ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რადგან კანონით „დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება, ან მისი შექმნისკენ მოწოდება“.

მართალია, გუშინ ლევან ვასაძემ  ქუჩების პატრულირებაზე უარი თქვა, თუმცა მისმა ერთ–ერთმა თანამოაზრემ ლევან ჩაჩუამ 18 მაისს განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდს” ე.წ. ღირსების მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ლგბტ ჯგუფის ძალების აქტივობას პოლიტიკური მიზნები გააჩნია

„გამოწვევაა მათი მხრიდან ეს და ამ გამოწვევას ვიღებთ. ვერანაირ ღონისძიებას პრაიდის ფარგლებში მშვიდად ვერ ჩაატარებენ და ამას ვპირდებით“, - აღნიშნა ლევან ჩაჩუამ პრაიდის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად.

გუშინვე პრაიდის ორგანიზატორებს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა გაახმოვანა შსს-ს პოზიცია, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ იმართებოდა.