დააკავეს ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ბუღალტერი – მითვისებულია ორი მილიონი ლარი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

უწყების ცნობით, ერთ-ერთი კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითიც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს.

„აღნიშნული გზით ბრალდებულის მიერ ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.