საპატრიარქო: ლგბტ ჯგუფის ძალების აქტივობას პოლიტიკური მიზნები გააჩნია

საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, ერთიანი ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე უარის თქმას არ ნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისთვის, ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.

ომბუდსმენი: შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ერთიანი ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე უარის თქმას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ LGBT ჯგუფებს აქციის გამართვა ისეთ გარემოში სურთ, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.

საქართველოს სახალხო დამცველს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

„როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის“, – განმარტავენ საპატრიარქოში.

„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. აქციას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. ამის პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი აქციის მონაწილეებს შორის, შედეგად პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა.

ლევან ვასაძე ტრადიციების დასაცავად მოხალისეთა რაზმებს აყალიბებს >>

აქციას წინააღმდეგ ილაშქრებს ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით 16 ივნისს ვერის ბაღში „ნამდვილი კაცების“ აქციაზე მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ვასაძე ლგბტ პირებს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ პოლიციას „ეყოფა ჭკუა“ და კორდონს ჩადგამს, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ბიზნესმენი ლგბტ პირებს „ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით“ ემუქრება. ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო.