თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. ორსაათიან შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი.
ლომჯარიას განცხადებით, შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ წევრების, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებაც.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ, ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით ორგანიზაციებში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც დახურულ სივრცეშია დაგეგმილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოს, რის გარანტიასაც ღია სივრცის შემთხვევაში ვერ იძლევა.
„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. აქციას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. ამის პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი აქციის მონაწილეებს შორის, შედეგად პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა.
ლევან ვასაძე ტრადიციების დასაცავად მოხალისეთა რაზმებს აყალიბებს >>
აქციის წინააღმდეგ ილაშქრებს ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით 16 ივნისს ვერის ბაღში „ნამდვილი კაცების“ აქციაზე მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ვასაძე ლგბტ პირებს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ პოლიციას „ეყოფა ჭკუა“ და კორდონს ჩადგამს, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ბიზნესმენი ლგბტ პირებს „ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით“ ემუქრება.
ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო.