თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების დღეებში ქუჩების პატრულირებაზე უარი თქვა, იუწყება პირველი არხი.
კვირას ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მიტინგი ჩაატარა, სადაც „ლგბტ-პრაიდის კვირეულის“ ჩატარების დღეებში, 18-23 ივნისს, დააანონსა ადამიანების ჯგუფების შექმნა, რომლებიც ტრადიციული ფასეულობების დასაცავად დადგებიან. ამასთან მან აღნიშნა, რომ „სახალხო რაზმელები“ აგრესიას არ გამოავლენენ. ვასაძის განცხადების შემდეგ ლგბტ-აქტივისტებმა შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.
„პატივს ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ მიტინგზე.
ადრე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა - მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
„ლგბტ-პრაიდის კვირეულის" ღონისძიებების ორგანიზატორია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი". საქართველოს საპატრიარქომ პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად კონტრაქციაც შეიკრიბა. აქციების მონაწილეებს შორის მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის შედეგად 28 ადამიანი დააკავეს.
ვასაძის დაანონსებული კომბლების რევოლუცია და ფორმირებების შექმნა – შსს-მ გამოძიება დაიწყო >>
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ იმართებოდა.