ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

სოფიის გარდა პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ ველიკო-ტარნოვოს ესტუმრება.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ცვეტა კარაინჩევას შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვის შეხვდება და რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრემიერი ბულგარეთში

ასევე დაგეგმილია ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა.

გარდა ამისა, კობახიძე შეხვდება ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევსა და ბულგარეთის პატრიარქს ნეოფიტს.

პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება ქალაქ ველიკო-ტარნოვოში, სადაც ქალაქის მერს დანიელ პანოვს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კობახიძე და პანოვი პრესისთვის ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.

საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 19 ივნისს დასრულდება.

საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები დინამიკურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

საქართველოს და ბულგარეთის პარლამენტები თანამშრომლობას აღრმავებენ>>

ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ბულგარეთს შორის 2018 წელს დაახლოებით 440,4 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან დაახლოებით 259 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა – 181,5 მილიონს.