18:22 21 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8414
  • 100 RUB3.8647
  • USD2.4573
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა

საქართველოს და ბულგარეთის პარლამენტები თანამშრომლობას აღრმავებენ

© photo: Parliament of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (226)
55 0 0

ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში საქართველოს პირველ პირებს ხვდება

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა და ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ცვეტა კარაიანჩევამ, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას, ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეების რეგულარულ შეხვედრებს, საერთაშორისო პარლამენტთაშორისი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

„უკვე 26 წელია, რაც შესანიშნავი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს… ამგვარი დინამიური და მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, დღეს ხელს ვაწერთ პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომლითაც ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანთ და საფუძველს ჩავუყრით სხვადასხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობას“, — განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

კობახიძემ კოლეგას გადაუხადა მადლობა ვიზიტისთვის, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას — თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

თავის მხრივ, კარაიანჩევამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა ადასტურებს, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

„ამ დოკუმენტის თანახმად, ორივე მხარე ისწრაფვის, გააძლიეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ბულგარეთი დღეს არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რამაც მოგვცა დამატებითი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ბულგარეთის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ“, — აღნიშნა კარაიანჩევამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ვიზიტი 12 ივნისს დასრულდება.

საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები დინამიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის და განათლების სფეროები.

ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. იანვარ-აპრილში ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 127 მილიონი დოლარი შეადგინა — საერთო სავაჭრო ბრუნვის 3,4%. 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (226)

მთავარი თემები