ბახტაძემ ანაკლიის ინვესტორებისთვის ფინანსური გარიგების დახურვის გადავადებას მხარი დაუჭირა

საქართველო დაინტერესებულია ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის მსხვილი ინვესტიციების მოზიდვით, განაცხადა პრემიერმა
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური გარიგების დახურვა 2019 წლის ბოლომდე გადაუვადდა.

საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ფსკერის გასაღრმავებლად. სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება >>

„ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ინვესტორების მხრიდან ფინანსური ნაწილის დასახურად. შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადებს წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა შეხვედრაზე, რომელიც სიეტლში კომპანია SSA Marine-თან შედგა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრას ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული უწოდა.

თურნავა: ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA MARINE-თან, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად განიხილება. ჩვენ გვსურს, მსგავსი მასშტაბისა და პროფილის კომპანიები მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

გასულ კვირას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ფინანსური გარიგების დახურვის გადავადება აისახება პორტის მშენებლობის ვადებზეც. ამიტომ ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვადების გადაწევა მეტად აღარ გახდება საჭირო.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, თავის მხრივ, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ეს საერთაშორისო ბანკებთან კონსორციუმის მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებას შეუწყობს ხელს.

სკანდალი გრძელდება: ფოთის პორტის მფლობელი თავისი უფლებების დაცვას გეგმავს >>

საქართველოს ხელისუფლება პორტზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ის გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო როლს, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ანაკლიის პორტი ცხრა ფაზად განვითარდება. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. ორ წელიწადში იქ უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის გემების მიღებას, ტვირთის ტრანსპორტირებასა და შენახვას, რისთვისაც ფინანსებია საჭირო.

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მილიონ დოლარზე მეტი. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის პირობა დადო, კონსორციუმმა კი უნდა დააბანდოს 120-მილიონიანი ინვესტიცია. დანარჩენი 400 მილიონი კონსორციუმმა უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

ფინანსური გარიგების დახურვა, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს მშენებლობის აქტიური ფაზა, თავდაპირველად 2017 წლის 15 აგვისტოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით, ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერადაც ფინანსური გარიგების დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, 6 თვით გადაიდო.

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ >>

ამასთანავე, ამ პროცესში სახელმწიფომ კონსორციუმს აპატია 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა თავდაპირველი ვადების დარღვევისთვის.