ყველაზე ღია და დახურული უწყებები საქართველოში

სამინისტროები ყველაზე ნაკლებ ინფორმაციას უწყების ფინანსურ ხარჯვებთან დაკავშირებით აქვეყნებენ
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა" (IDFI) დაასახელა ის უწყებები, რომლებიც თავიანთ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციას ოპერატიულად და სრულყოფილად აქვეყნებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დაახლოებით ასი დაწესებულების, მათ შორის, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და სხვა, სამინისტროებს დაქვემდებარებული 86 უწყების ვებ-გვერდები შეისწავლა.

IDFI: საქართველოში ყოველი მეხუთე უწყება მალავს, რამდენს ხარჯავს ჭამა-სმაზე

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება (98%) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო. მეორე ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო (96%), ხოლო მესამეზე - პარლამენტი (91%).

ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (47%), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (42%) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%).

„2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; 2019 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია", - აღნიშნულია დოკუმენტში.

2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან ცხრამ საჯარო ინფორმაციების გამოქვეყნების მაჩვენებელი გააუარესა.

სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების დაახლოებით 40%-ს თავიანთ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ჰქონდა სავალდებულო ინფორმაციების 30%-ზე ნაკლები.

IDFI-ს კვლევა: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გადაჭარბებით იხარჯება>>

საჯარო დაწესებულებებისთვის ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 100 დაწესებულებიდან რვას საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებ-გვერდი, ხოლო ექვსს ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი განყოფილება საჯარო ინფორმაციისთვის.