კონტრაბანდა საქართველოში – ამოღებულია 53 ათას ლარზე მეტი ღირებულების საქონელი

მხილებულ პირებს სურდათ თურქეთში გადაეტანათ ერთ შემთხვევაში 874 ცალი, მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელებსა და თურქებს საქართველოში ათასობით კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს ავტომობილებში მოწყობილი სამალავების მეშვეობით საბაჟო–გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკაში სურდათ გადატანათ ერთ შემთხვევაში 874 ცალი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი.

ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.