თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ლევან იზორიას, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის შეხვედრა დღეს ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციასა და აზერბეიჯანის მხარეს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერა. შემდეგ იზორია ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ჰულუსი აქართან განიხილავს. ამის მერე გაიმართება თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი, სადაც კოლეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.
თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2012 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვითი უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას.
პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გარეშე ჩავარდება>>
იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.
დღევანდელი შეხვედრა რიგით მეშვიდე იქნება.