ქართველმა ჩოგბურთელმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბალახის ჩოგბურთის პირველივე შეხვედრაზე დამარცხდა
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР რეიტინგის მე-17 ნომერი) АТР-250 – Mercedes Cup სერიის ტურნირის პირველივე მატჩზე დამარცხდა. შეხვედრა შტუტგარტში ჩატარდა.

ბასილაშვილი განთესილი იყო მეოთხე ნომრად, ამიტომ ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაება და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს სამ პარტიაში დაუთმო გამარჯვება - 7:6, 2:6, 5:7. მატჩი ორ საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი პარიზს სენსაციურად ტოვებს

უნგრელი ჩოგბურთელის წარმატების საწინდარი გახდა პირველი დამაჯერებელი ჩაწოდება, რომლის შემდეგაც ფუჩოვიჩმა გათამაშების 78% მოიგო. ბასილაშვილის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 64% შეადგინა. შედეგად ფუჩოვიჩმა 17-დან 12 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, მაშინ როცა ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ორჯერ აიღო მოწინააღმდეგის ჩაწოდება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონზე ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. როტერდამისა და მონაკოს ტურნირებზე გამარჯვება უნგრელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა, რომის „მასტერსის“ მატჩი კი ქართველის გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პერსონალური შეხვედრების შედეგი შემდეგნაირად გამოიყურება - 3:1 უნგრელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ასეთ ადრეულ სტადიაზე მარცხის მიუხედავად, ბასილაშვილმა 20 რეიტინგული ქულა და ჯილდოს სახით თითქმის 11,5 ათასი ევრო აიღო.

ტურნირი Mercedes Cup 16 ივნისამდე გაგრძელდება. საერთო საპრიზო ფონდი 679 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.