მილიონები ინვესტიციებზე და ასობით სამუშაო ადგილი – ფოთის პორტის გეგმები

ფოთის პორტის გაფართოების პროექტში სახელმწიფო სახსრების წილი პრაქტიკულად ნულის ტოლია, განაცხადეს პორტის ინვესტორ კომპანიაში.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციებს და ასობით სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა კომპანია APM Terminals Poti ფოთში საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, იუწყება პირველი არხი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

მაისის ბოლოს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ განაცხადა, რომ ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იგეგმება. განცხადების თანახმად, უნდა აშენდეს 1,6 ათასი მეტრის სიგრძის დამცავი მოლი და 700 მეტრის სიგრძის ნავსადგური. იქვე ითქვა, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მლნ დოლარია.

„პროექტში იგეგმება ძირითადად ქართული სამუშაო ძალის დასაქმება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის... 40 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ეკონომიკურად სრულადაა დამოკიდებული ნავსადგურზე“, – აცხადებს კომპანია.

პროექტში იქნება გამოყენებული ფოთში არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბაზები. პროექტის განხორციელების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მშენებლობა 24-30 თვეს უნდა გაგრძელდეს.

ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან >>

APM Terminals Poti იუწყება, რომ სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს 2018 წლის 11 ოქტომბერს წარედგინა, კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიამ დადებითი დასკვნა 2019 წლის 2 მაისს მიიღო, ხოლო უკვე 30 მაისს გადაწყვეტილება გააუქმეს.

„ფოთში საზღვაო ნავსადგურის გაფართოების საინვესტიციო პროექტში მთავრობის ხარჯები პრაქტიკულად ნულის ტოლია“, – იუწყება APM Terminals Poti.

რა მიზეზით დაირღვა შეთანხმება

ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვას, ესაა ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის გიორგი კაკაურიძის განკარგულებით დამტკიცდა მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე.

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია >>

ამ მიზეზით, ასევე დოკუმენტის გაცემის პროცედურული დარღვევების გამო თურნავამ დოკუმენტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო კაკაურიძე თანამდებობიდან მოხსნა.

საკითხის ისტორია

თურნავას კატეგორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოთქმული შეშფოთება. კომპანიაში ისიც განაცხადეს, რომ „საუკუნის პროექტი ახალი გარემოებების გამო“ შეიძლება შეჩერდეს.

სკანდალი გრძელდება: ფოთის პორტის მფლობელი თავისი უფლებების დაცვას გეგმავს

თურნავამ კონსორციუმის წარმომადგენლები დაამშვიდა და აღებული ვალდებულებების შესრულებაზე კონცენტრირება ურჩია, რათა უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ „ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70-მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით“.

საქართველოში ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მან მუშაობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.

თურნავა: ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს >>

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს ქართულმა კომპანიამ TBC Holding და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC. ამჟამად კონსორციუმში შედიან SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მლნ დოლარი. სახელმწიფომ პროექტში კრედიტის სახით 100 მლნ დოლარის ჩადების პირობა დადო, კონსორციუმმა კი 120 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. დანარჩენი 400 მლნ კონსორციუმმა დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

კრედიტორები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ თანხის მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დახურონ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა.

უმთავრესი მოთხოვნა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაა. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეს კრედიტები, მეორე მხრივ, დააზღვიოს ტვირთების შემოტანის რისკი.