თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქალაქ რუსთავთან ახლოს კალიების გუნდმა სოციალური ქსელების მომხმარებლები შეაშინა.
საქართველოს ორ რეგიონში იტალიურ კალიას ებრძვიან >>
ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს უზარმაზარი რაოდენობის მწერები, გამოაქვეყნა სააგენტომ Info Rustavi წარწერით: „ამ წუთებში კალიების „არმია" რუსთავისკენ მიემართება“.
„ვაიმე სამი კვირის წინ პეპლების შემოსევა იყო. ეხლა კალიები. რა უბედურებაა“, - წერს რუსუდანი რუსა.
„რა უბედურებაა, ამაზე მეტად არაფრის მეშინია“, - აღიარებს Sofio Lomidze.
„ლამის ადამიანები გადავშენდეთ და ამათ არაფერი არ მოსდით რაა უბედურებაა... მოწამლეთ ან რამე იმოქმედეთ რაა... არ შემოუშვათ რუსთავში“, - ჩავარდა პანიკაში თეო გაბოძე.
„ვაიმე, რა მეშველებაა“, - წერს Valia Txelidze.
რუსთავის მერიამ მწერების შემოსევის შესახებ შეატყობინა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
სურსათის სააგენტოში ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და ითქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. უწყების სპეციალისტები ყოველ წელს იღებენ ზომებს იტალიური კალიის წინააღმდეგ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. მსგავსი ღონისძიებები წელსაც ჩატარდა. სააგენტოში ამტკიცებენ, რომ საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლს ექვემდებარება და რეგულირდება.
იტალიური კალია აზიანებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურებს: სიმინდს, მარცვლეულს, სხვადასხვა პარკოსნებს, მზესუმზირას, ბაღჩეულს, ბოსტნეულს, ვენახებს, ხეხილს, სამკურნალო, ტექნიკურ და ტყის კულტურებს. კერძოდ, სანერგეებში და ახალ ნარგავებში ზიანდება მუხა, წიფელი, არყის ხე, ალვის ხე, თეთრი აკაცია და სხვ.