გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

პონტოს მუხა საქართველოს „წითელ წიგნშია" შეტანილი და გაქრობის ზღვარზეა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გურიაში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღკვეთილი ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიაზეა და მისი ფართობი 443 ჰექტარს შეადგენს. ეს ერთადერთი ტერიტორიაა საქართველოში, სადაც პონტოს მუხა შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.

საქართველოს ეროვნულ პარკებს სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს

აღკვეთილის შექმნის მიზანია უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება. პონტოს მუხა საქართველოს „წითელ წიგნშია" შეტანილი და გაქრობის ზღვარზეა.

შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF).

საქართველოში ამჟამად 86 დაცული ტერიტორიაა. ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს თბილისის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას.