პანღურის ამორტყმის საქმე - სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

პანღურის ამორტყმის საქმესთან დაკავშირებით, უფლებადამცველ ზვიად კუპრავასთვის განაჩენის გამოტანა შემდეგ სხდომამდე გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზეა დაკავებული, პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

ზვიად კუპრავა დააკავეს

განაჩენი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურორ ქეთევან გურაშვილის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო. კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

ზვიად კუპრავას ადვოკატი ხუთიათასლარიანი გირაოს საფუძველზე, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. კუპრავას თავდებში, ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი თავდებში დაუდგნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ზვიად კუპრავას პატიმრობა  შეეფარდა

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნულისთვის კუპრავას გირაო შეეფარდა.

გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს.

„ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ეს ამონარიდია დადგენილებიდან პირის ბრალდების შესახებ. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საბოლოოდ კი, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.