რაზე იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა

მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სულბერგს შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სულბერგმა გადაწყვეტილებას თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის შესახებ მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინვესტორებს საქართველო აინტერესებთ>>

„ყოველთვის სასიამოვნოა სხვადასხვა ქვეყნის ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რადგან ჩვენ საკმაოდ ცოტანი ვართ. ვისაუბრეთ საქართველოსა და ნორვეგიის პოლიტიკური კურსის, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგია გახსნის საელჩოს თბილისში, რაც ჩვენ შორის თანამშრომლობას იდევ უფრო გააღრმავებს", – განაცხადა სულბერგმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს პროფესიული გადამზადების პროგრამები. სულბერგის განცხადებით, ნორვეგია და საქართველო ამ მიმართულებით უფრო აქტიურად შეძლებენ მუშაობას.

ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის

ზურაბიშვილის ვიზიტი შვეიცარიაში 10 ივნისს დაიწყო. ის ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. კონფერენცია ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციას, რომელიც 11 ივნისს გაიხსნება, დაესწრება 40 ქვეყნის ლიდერი, 5 ათასი დელეგატი 190 ქვეყნიდან.

ზურაბიშვილი დელეგატებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე, შრომით კანონმდებლობაზე და დასაქმების სფეროში არსებულ თანამედროვე პრობლემებზე.