გარემოს სააგენტო აფრთხილებს: წყლის დონემ მდინარეებში შეიძლება მაღალ ნიშნულს მიაღწიოს

მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო საქართველოს ზოგიერთ მდინარეზე, მათ შორის ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ შეიძლება მაღალ ნიშნულს მიაღწიოს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კერძოდ, 11 ივნისს დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 12 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

განსაკუთრებით საყურადღებოა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი მოვლენები.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდინარე ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, დაბა ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. დაიტბორა გზის სავალი ნაწილი. საჭირო გახდა კალაპოტის გაწმენდა დაგროვილი ჩამონატანებისგან, რომელიც ზოგან ერთ მეტრს აღწევდა.

საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა >>

ძლიერი წყალდიდობა ერთი წლის წინაც მოხდა ჭუბერში. მაშინ ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის თემის სოფლების ნაწილი დატბორა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.