Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

ღონისძიებაზე თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი საქართველოს რეგიონებიდან.

ფილმი „საქართველო - ღვინის სამშობლო" საფრანგეთის პრესტიჟულ ფესტივალში მონაწილეობს

„WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, გაეცნოს ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

გამოფენის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნება: ღვინო და ალკოჰოლური სასმელები; ინგრედიენტები და დანამატები; შეფუთვა და შესაფუთი მასალები; სასუქები; მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები; სანერგეები; მინა და მინის ნაწარმი; აქსესუარები; სერვისები.

გამოფენის ფარგლებში 11-12 ივნისს ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.

ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენს. რჩეული ღვინოები მიიღებენ უმაღლეს ჯილდოს „ტროფი“. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 13 ივნისს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

რომელი ქართული ღვინოებია პოპულარული საზღვარგარეთ >>

გამოფენისა და კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.