ნანა ძაგნიძე ყაზანის ტურნირზე მესამედ დამარცხდა

ქართველი დიდოსტატი ტურნირის ლიდერს უკვე 2,5 ქულით ჩამორჩება.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, მესამედ დამარცხდა.

მერვე ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით თამაშობდა და ჩინელ ტან ჩჟუნთან დამარცხდა. მოჭადრაკეების პირველი შეხვედრა, რომელიც ტურნირის პირველ დღეს გაიმართა, ყაიმით დასრულდა.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში

ამ წაგების გამო ძაგნიძემ სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვალა. ქართველ სპორტსმენს ახლა 4 ქულა აქვს და ის 2,5 ქულით ჩამორჩება რუს ალექსანდრა გორიაჩკინას. მერვე ტურში გორიაჩკინამ თავის თანამემამულეს ალექსანდრა კოსტენიუკს მოუგო. მეორე ადგილს 4,5 ქულით იკავებს რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ეკატერინა ლაგნო.

მეცხრე ტურში, რომელიც ორშაბათს, 10 ივნისს გაიმართება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ითამაშებს უკრაინელი ანა მუზიჩუკის წინააღმდეგ. მეტოქეების პირველი შეხვედრა ტურნირზე ჩვენი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.