„რატომ არ გყავს შვილი?! ვისი ბრალია?!“ - ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაში

საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული სტერეოტიპულ აზროვნებას, ბევრი ფიქრობს, რომ ქალის უმთავრესი და ხშირად ერთადერთი როლი ოჯახის შექმნა, დედობა და დიასახლისობაა.
Sputnik

საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ ღრმად არის ჩაბეჭდილი ფრაზები: „ქალი ვიცი მე „კუხნაში“, „გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა“, „გათხოვდება და ქმარი მხედავს“ და კიდევ სხვა უამრავი.

უშვილო ოჯახები და უოჯახო ბავშვები — უსასრულო რიგი

47 წლის მაკა სუდაძის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უწევთ ქალებს ბავშვობიდან ცხოვრება სტერეოტიპებით გაჯერებულ სამყაროში, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაკას ისტორია საზოგადოებას პროექტმა „ქალები საქართველოდან“ გააცნო.

როგორც მაკა ყვება, 33 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი თქმით, ქალისთვის ეს ზუსტად ის ასაკია, როცა ყველა გათხოვებაზე ეკითხება და შეგონებებს და რჩევებს არ იშურებს. მაკასთვის იმდენად შემაწუხებელი და მოსაბეზრებელი იყო ეს ყველაფერი, სანათესაოს შეკრებებზეც კი აღარ დადიოდა.


„საკუთარ თავზე იმხელა წნეხი გამოვცადე, რომ მსგავს კითხვას არასოდეს დავუსვამ ადამიანს. არადა, ქორწინებას იმდენი რამე მოყვება, რომ თუ ზუსტად არ გაქვს გადაწყვეტილი ვის და რატომ უნდა გაყვე, დიდია იმის ალბათობა, რომ ვერ შედგეს, ან ტანჯვად გექცეს ცხოვრება. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ქალმა ამ ზეწოლის მიუხედავად, ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგას“, -ამბობს მაკა.

მისთვის მეორე სტრესი და სტერეოტიპებთან კიდევ ერთი მტკივნეული დაპირისპირება რამდენიმეწლიანი უშვილობა აღმოჩნდა. ის და მისი მეუღლე 7 წელი ელოდნენ შვილს და ამ დროის განმავლობაში მაკამ უამრავი წნეხის ქვეშ გაიარა. ყველაზე დიდი ზეწოლა კი საზოგადოებისგან მოდიოდა.

„დღეს ორმა კაცმა მცემა“ : მარტოხელა დედის დაწერილ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

„მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვიბრძოდი, თითქოს კედელი მქონდა აღმართული და შიგნით ყველას არ ვუშვებდი, მაინც შეეძლოთ ადამიანებს სტრესის მოყენება და თავის მობეზრება გაუთავებელი კითხვებით - „რატომ არ გყავთ შვილი?!“ „ვისი ბრალია?!“, რაც ცხოვრებას კიდე უფრო მიმძიმებდა“, -იხსენებს მაკა.

მაკაზე იმდენად იმოქმედა საზოგადოებიდან მომავალმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, რომ მეუღლისა და მისი ოჯახის წინაშე საკუთარი თავი დამნაშავედ ჩათვალა და დაშორებაზეც კი დაიწყო ფიქრი. თუმცა, საბედნიეროდ, მან ოჯახისგან გვერდში დგომა იგრძნო.

საქართველოში უშვილო წყვილებს მკურნალობაში დაეხმარებიან >>>

„მე ჩემი ქმრისთვის ოდესმე რომ შემემჩნია, რომ ყოყმანობს ან რაღაც მომენტში შეცბა, აუცილებლად გავშორდებოდი, მაგრამ მან ამ ყველაფერს ძალიან ღირსეულად გაუძლო“, -ამბობს მაკა.

ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის შემდეგ მაკა ორსულად დარჩა და მიხვდა, რომ „ის შვიდწლიანი შავ-თეთრი სამყაროც ერთ დღეში ფერადი გახდა. მოგვიანებით კი ექოსკოპიაზე კიდევ ერთი სასწაული აღმოვაჩინეთ - ჩვენ ტყუპების მშობლები ვხდებოდით.“

პარადოქსია, მაგრამ მაკას საზოგადოებისგან კიდევ ერთი თავდასხმა ელოდა წინ: იყო თუ არა ხელოვნური განაყოფიერება, როგორი ბავშვები გაჩნდებიან და ა.შ.

„მოკლედ, ქალს ყველა ეტაპზე უწევს საკუთარი თავის და დაბადებული თუ ჯერ არ დაბადებული შვილების დაცვაც, რადგან ადამიანებმა არ იციან სად გაავლონ ზღვარი საკუთარ და სხვის პირად სივრცეს შორის“, -ამბობს მაკა.

მაკას გოგო და ბიჭი შეეძინა. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილები თავისუფლები გაიზრდებიან, მიიღებენ განათლებას და თვითონ გადაწყვეტენ, „გოგოსავით“ ჩაიცვან, თუ „ბიჭივით“, გოგოს აუცილებლად ვარდისფერი პომადა უნდა უყვარდეს თუ ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
„მე თვითონ არასოდეს ე.წ. გოგოს თამაშები არ მითამაშია და ჩემს მშობლებს ეს ყველაფერი რომ შეეზღუდათ, ვერანაირად ვერ ვიქნებოდი ასეთი თავისუფალი, მებრძოლი და ძლიერი, ანუ ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ“, -ამბობს მაკა.

ანგელოზის დალოცვილი წაჩხურუ – უშვილოთა იმედი >>>

მაკას დამოუკიდებელი ცხოვრების წესი არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია და ამაში მეუღლეც ყოველთვის უჭერდა მხარს, ხან ტრენინგზე იყო, ხან შეხვედრებზე. „ჩემი ქმარი ხშირად ხუმრებოდა, მე არ ვიცოდი ტურისტზე თუ ვიქორწინეო“.

აკვანი უშვილობისა - სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიცია

„ჩემი შვილებიც სხვა რეალობას უყურებენ სახლში. მაგალითად, მე არ ვარ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული ქალი ან ცოლი და ჩემთან სტუმრად მოსულ ადამიანს, წინსაფრით არ ვხვდები. მე და ჩემი მეუღლე საქმეებსაც სულ ვინაწილებთ და ბავშვებსაც ერთად ვზრდით ჩვილობიდან. თან ტყუპები გვყავდა და ამიტომ, სულ ერთად ვიღვიძებდით - ერთი ერთს უცვლიდა, მეორეს მეორე. ეს თავისთავად ასე მოხდა, საგანგებო წინასწარი შეთანხმებების გარეშე“, -ამბობს მაკა.

მას ყოველთვის ორივე უნდოდა - კარიერაც და შვილებიც და იცოდა, რომ ამით არაფერს დააშავებდა.

„კი, მეც შეიძლება ერთ დღეს შვიდნაირი საჭმელი გავუკეთო ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არ არის და არც მინდა რომ იქცეს. რა თქმა უნდა, შარვალსაც ვუუთოვებ ჩემს ქმარს, როცა მას ეჩქარება, მაგრამ მასაც გაუკეთებია იგივე. საერთოდ, დიდი სისულელეა ეს დაყოფილი მოვალეობები და „ქალის საქმე“ ან „კაცის საქმე“. კაცი მთელი სოფლისთვის თუკი აკეთებს ხაშლამას და ჩაქაფულს, საკუთარ შვილებს ბორში რომ მოუხარშოს, ეს რატომ არის სირცხვილი, უბრალოდ, მართლა არ მესმის“, -აღნიშნავს მაკა.

ია ფარულავა: მე რა მისაბაძი ვარ, უშვილო ქალი მისაბაძი არ არის

მაკას უნდა მისი პატარა გოგონა ისე გაძლიერდეს, რომ იცოდეს რა უნდა, რადგან გოგონებზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და საზოგადოება ბავშვობიდან კლავს მათში პიროვნებებს. აღიარებს, რომ ზოგჯერ მასაც უწევს საკუთარ თავში სტერეოტიპებთან ბრძოლა.

„დედობა საერთოდ სხვა განზომილებაა და ყველა ვცდილობთ სასათბურე პირობები შევუქმნათ ჩვენს შვილებს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ხშირად მიფიქრია, მომეწონება თუ არა ჩემნაირი რძალი ჩემი შვილისთვის და როგორც დედა, სხვანაირად ვიწყებ ფიქრს - მეცოდება, რომ წარმოვიდგენ ჭურჭელს როგორ რეცხავს ან ალაგებს, მაგრამ იქვე ვებრძვი ხოლმე ჩემს თავს, რომ ეს არ არის სწორი. მშობლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მათი გასავლელი გზაა, ისევე, როგორც ოდესღაც ჩვენი გზა იყო ის, რაც გავიარეთ,” -ამბობს მაკა.