თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს >>
კვიპროსი - რიგით მე-13 ევროპული ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ადრე კი საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად გერმანიაც ემზადება.
„კვიპროსის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
კვიპროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი ის გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას >>
გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.