ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი უკრაინაში წაიყვანეს

ბავშვები საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით, სპეცრეისით გაემგზავრნენ.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი კიევში წაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით, სპეცრეისით გუშინ საღამოს, ბებიებთან ერთად გაემგზავრნენ.

საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ათიდან ოთხი ბავშვის დედა აღმოჩნდა>>

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული მიკოლა კულება ჩამოვიდა, რომელიც რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინას გადასცა

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა, ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. ეს ყოველივე ვითარებაში გარკვევას საჭიროებდა. უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამომგზავნა საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ, შესაძლოა, ქართული მხარე არ იყო მზად ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტისთვის, თუმცა საელჩოს შუამდგომლობით უმოკლეს დროში ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარებული იყო და ქართული მხარისგან ბავშვებს უკრაინაში გადაყვანაზე თანხმობა სწრაფად მივიღეთ",- განაცხადა კულებამ.

საქართველოში რჩება ბავშვების დედა იულია სუსლიაკი. საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა>>

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად გადასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.