ქართველი მეცნიერი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

თეიმურაზ ლეჟავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობა „ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკა" დანერგა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველი მეცნიერი და მკვლევარი თეიმურაზ ლეჟავა დაბერების ასპექტების კვლევის დარგში ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".

შვედეთში 23-25 მაისის პერიოდში გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის (IAGG-ER) კონგრესი გაიმართა, რომელზეც დააჯილდოვეს სამი მეცნიერი, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებას სწავლობენ. მათ შორის იყო ლეჟავაც.

მეცნიერებმა უარყვეს მითი 50 წელს გადაშორებულებთან დაკავშირებით

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპული რეგიონის პრეზიდენტმა კლემენს ტეტჩ-რიომერმა საუკეთესო მეცნიერებს სიგელები გადასცა. ლეჟავას გარდა, სიგელები გადაეცათ ინგლისელმა სწავლულმა ჯონ იანგმა და გერმანელმა ჰანს-ვერნერ-ვალიუმ.

თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ამ დროისთვის უმაღლეს სასწავლებელში გენეტიკის კათედრის გამგეა. გარდა ამისა, ხელმძღვანელობს გენეტიკის ინსტიტუტს, რომელიც თბილისში 2011 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ 1990-იან წლებში თსუ-ში სპეციალობა „ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკა" დანერგა.

ლეჟავა გენეტიკის შესახებ რვა სახელმძღვანელოს ავტორია, რომლებზეც აღიზარდნენ გენეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. დღეისთვის ისინი წარმატებით მოღვაწეობენ აშშ-ს, იაპონიის, სინგაპურის, ესპანეთის, ინგლისის, ისრაელის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. ლეჟავას ეკუთვნის 133 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გამოქვეყნებული.

გერონტოლოგია მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს. გერიატრია კი გერონტოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.