48 წლის ქეთი თომეიშვილის საოცარი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია შრომას და მიზანდასახულობას ადამიანი ყველაზე მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ქეთის ისტორიას, რომელიც პროექტმა „ქალები საქართველოდან" გაგვიზიარა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
როგორც ქეთი ჰყვება, 29 წლის იყო, როცა ემიგრაციაში წავიდა და 14 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მის დას ახალგაზრდა ასაკში ანევრიზმა დაემართა და გადარჩენის შანსი ფაქტიურად არ იყო. დის გადასარჩენად ქეთიმ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და თანხის შეგროვება დაიწყო, მევახშეებისგანაც კი ისესხა ფული და 46-დღიანი კომის შემდეგ, ოპერაციის შედეგად სიკვდილისგან იხსნა.
ამ რთულ პერიოდში მეუღლე გვერდში არ დაუდგა, ამიტომ მასთან ცხოვრება ვეღარ შეძლო და ქმარს დაშორდა.
„დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი!.. ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-მეთქი. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას“, – იხსენებს ქეთი.
ამის შემდეგ იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. სამი წელი ბულგარეთში ცხოვრობდა, ერთი წელი აზერბაიჯანში იმუშავა, ბოლო 10 წელი კი თურქეთში გაატარა, ერთ-ერთ ოჯახში მოხუცს უვლიდა.
„სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24-საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი – ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა... მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა. ჯერ ერთი, ძალიან იაფი მუშახელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ჰყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხის“ უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი სკაიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არა სადმე „სხვაგან“.
ცხოვრების საუკეთესო წლები ასეთ მძიმე შრომაში გაატარა. არც შვილის პირველ კლასში წასვლა უნახავს და არც მისი ცეკვის კონცერტებს დასწრებია. მხოლოდ ფოტოებით და ვიდეოებით ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდა მისი შვილი.
„მთავარია – ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-მეთქი. მერე, საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა“.
საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. დანაზოგიც ჰქონდა და დაიწყო ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინა.
„ერთხელ ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარში გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-მეთქი. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამერისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი“.
ასე მიიღო ინფორმაცია მეურნეობის შესახებ და დაიწყო სათბურის გაკეთება.
„მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, ამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და ორი სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო, ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ, მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო“.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწერა ბიზნეს-გეგმა და დააფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე ხუთი სათბური ჰქონდა.
„ნელ-ნელა ნდობაც მოვიპოვე დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9 000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად. ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე ვიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ. მ სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუ რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ. ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურზეა ახლა მოთხოვნა ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება. სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული“, – ამბობს ქეთი.
ქეთიმ ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მთხოვნელებიც მოუმრავლდნენ.
„მთხოვნელები მომიმრავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი, შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?! რატო, თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს! იქ მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში და, მე უკვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“, – ამბობს ქეთი თომეიშვილი.