თუშეთისკენ მიმავალი გზა კვლავ პარალიზებულია: როდის აღდგება მოძრაობა

Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ცნობილი გახდა ახმეტის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პირველი არხი საგზაო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღეა პარალიზებულია. ავტომობილები გზაზე ვერ გადაადგილდებიან იმის გამო, რომ ის ნაწილობრივ დატბორილია.

თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიტბორა – ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

ხელოვნურ წარმოქმნილ ტბასთან მუშაობას სპეციალური ტექნიკა ორ დღეში დაიწყებს. ასეთი დაპირება მიიღეს ახმეტის საკრებულოში მისულმა ადგილობრივებმა. მათ ასევე განუცხადეს, რომ უპირველესად, პირუტყვის გადასაადგილებელი ბილიკი გაკეთდება, შემდეგ კი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

შეხვედრაზე საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი წერეთელმა გზის გახსნის დაგვიანების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, სამუშაოები მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ტბის ტერიტორიაზე იმდენ ხანს გაგრძელდება, ვიდრე წყლის შეგუბების პრობლემა ბოლომდე არ გადაიჭრება. მისივე თქმით, სამუშაოების დაწყებამდე საჭირო იყო საპროექტო, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დასკვნები, რომელიც უკვე დასრულდა. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს.

„თავად გავაკონტროლებთ, რას გააკეთებენ და როგორ ოპერატიულად იმუშავებენ“, – განაცხადა კოოპერატივ „თუშეთის“ ხელმძღვანელმა პაატა აბულიძემ.

თბილისის აეროპორტის გზატკეცილი ორი თვით იკეტება >>

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.