თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში რიგით მესამე ფესტივალი „ქართული კინოს დღეები" 10-12 ივნისის პერიოდში გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ორგანიზატორებმა.
ფესტივალის პროგრამაშია ძველი და ახალი ფილმები – როგორც დამწყები რეჟისორების, ისე მეტრების, რომლებმაც საერთაშორისო დიდება მოიპოვეს, ასევე თანამედროვე ქართული ანიმაცია და ა.შ.
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს გაუწევს>>>
ახალი ფილმებიდან მაყურებელი იხილავს მარიამ ხაჭვანის „დედეს", რომელიც სვანეთის მკაცრ ტრადიციებს ეძღვნება. ქართული კინოს საგანძურიდან „ქართული კინოს დღეებზე" უჩვენებენ გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს" და სერგეი ფარაჯანოვის მოკლემეტრაჟიან ფილმს „არაბესკები ფიროსმანის თემაზე".
ფესტივალის მთავარ თემად გამოცხადებულია კინოსა და თეატრის ლეგენდარული ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედება.
„პეტერბურგელები მისი მონაწილეობით ზედიზედ სამ ფილმს ნახავენ – რეჟისორ ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1970), სადაც ჭიაურელი მთავარ როლს ასრულებს. მეორე ფილმი იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლა", რომელიც რეჟისორმა 2000 წელს გადაიღო. ფილმში ჭიაურელთან ერთად მონაწილეობენ კახი კავსაძე და სხვა ქართველი მსახიობები. და, ბოლოს, კინოჩვენებების პროგრამაში ჩართულია მოკლემეტრაჟიანი ფილმი-კოლაჟი „სოფიკო", რომელიც ჭიაურელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება და მისი გარდაცვალების წელს გამოვიდა. ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი და პროდიუსერია ჭიაურელის შვილი ნიკოლოზ შენგელაია", – აცხადებენ ორგანიზატორები.
კინოპროგრამას გახსნის გიგიშა აბაშიძის ფილმი „მეზობლები".
მოკლემეტრაჟიამი ფილმების სექციაში შესულია მარიამ ხაჭვანის „დინოლა", დავით გურგულიას „დიალექტი", ვახტანგ ჯაჯანიძის „გამოსვლა". „ანიმაციის" კატეგორიაში კი შევიდა ნათია ნიკოლაიშვილის ფილმი „ლილე" და პეტრე თომაძის ფილმები „ღამის სეანსი", „ჩაი", „გოდერძი" და „სიყვარული".
სოფიკო ჭიაურელი: უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული>>>
კინოსეანსები კინოს სახლისა და კინოცენტრ Родина-ს მოედნებზე გაიმართება. სეანსებზე დასწრება უფასოა.
ფესტივალი „ქართული კინოს დღეები" სტუმრებს ასევე შესთავაზებს საინტერესო მასტერ-კლასებს, მათ შორის, ქართული ენის ონლაინ-სკოლისა და AZRI-ს სამზარეულოს ვორქშოპებს – „საქართველო – სტუმართმოყვარე ქვეყანა ხელოვნების უკვდავი ნიმუშებით" .
ღონისძიება „ქართული კინოს დღეები" სანქტ-პეტერბურგის მთავრობის კულტურის კომიტეტისა და კინოფესტივალ „ოქროს საწმისის" მხარდაჭერით ტარდება.