თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის აპრილში, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ზრდა 2019 წლის აპრილში დაფიქსირდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და მომხმარებლის მომსახურების სფეროებში. ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში.
„საქსტატის" მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,8% შეადგინა.
მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) ზრდა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 4,7% იყო.
წლის პროგნოზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, როგორც ფონდში აღნიშნეს, მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები გადაწონის შედარებით დაბალ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.
პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს>>
მსოფლიო ბანკმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელს გააუარესა 5%-დან 4,6%-მდე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და 4,6%-ს შეადგენს, ხოლო 5%-მდე აღდგება 2021 წლისთვის.
ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.