ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი 46 ათასი ევროთი დააჯარიმეს

„როლან გაროსის" ორგანიზატორებმა ანა ტატიშვილი „პროფესიონალური სტანდარტებისთვის შეუფერებლად" თამაშისთვის დააჯარიმეს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. წარმოშობით ქართველი ამერიკელი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი „როლან გოროსზე" მიღებულ ყველა პრიზს გამოემშვიდობა, ნათქვამია ВВС-ს განცხადებაში.

ტურნირის პირველ წრეში ტატიშვილი საბერძნეთის წარმომადგენელ მარია საკარის ხვდებოდა, რომელთანაც ორ სეტში 0:6, 1:6 წააგო. მატჩი ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე ტატიშვილმა აქტიურად მხოლოდ ორი ქულა მოიგო, მაშინ, როცა საკარის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 26 შეადგინა.

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვას წარმატება პარიზში

ტატიშვილის ასეთი თამაში მსაჯმა „პროფესიონალური სტანდარტებისთვის შეუფერებლად" მიიჩნია. „დიდი სლემის" ტურნირების წესების თანახმად, თამაშისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო სპორტსმენს შეიძლება ყველა საპრიზო თანხა ჩამოართვან. ასე რომ, ამერიკელი ჩოგბურთელის ჯარიმამ 46 ათასი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილისთვის, რომელსაც 2012 წელს WTA-ს რეიტინგში 50-ე ადგილი ეკავა, საკარისთან მატჩი პირველი იყო 2017 წლის შემდეგ.

თავისი კარიერის მანძილზე ტატიშვილს WTA-ს სერიიდან არც ერთი ტურნირი არ მოუგია, თუმცა 11-ჯერ გაიმარჯვა ITF-ის ეგიდით გამართულ ასპარეზობებზე. „დიდი სლემის" სერიის ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი 2012 წელს US Open-ის მეოთხე წრეში გასვლა იყო.

ტატიშვილმა 2014 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ ყველა ტურნირზე აშშ-ს წარმოადგენს.