ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის საერთაშორისო პრემია 2020: ნომინანტები საქართველოდან

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია არის პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი  — Sputnik. საქართველომ ორი ნომინანტი წარადგინა ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის საერთაშორისო პრემიაზე 2020 წლისთვის — ეს საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური და ილუსტრატორი გიორგი ჩაჩანიძე არიან.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს შეადგენს. 

ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

საქართველოში ლინდგრენის პრემიის ნომინანტებს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ავლენს. წელს ისინი თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაასახელა.

მარიამ წიკლაური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი და მთარგმნელია. არის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რომელტა შორისაა „შოთაობა“, „საგურამო“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და სხვ.

მარიამ წიკლაურის პოეზია და თარგმანები ჩართულია ბევრ ქართულ და უცხოურ კრებულებსა და სახელმძღვანელოებში.

რაც შეეხება ილუსტრატორ გიორგი ჩაჩანიძეს, ის თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და იქვე მუშაობს პედაგოგად.  

მხატვარი ხშირად აწყობს პერსონალურ გამოფენებს და ასევე მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც. ჩაჩანიძის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, გერმანიაში, იტალიასა და ჰოლანდიაში.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი 2019 წელს ბელგიელი მწერალი ბარტ მუიარტი გახდა.