მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

მამაკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მტკვრიდან მაშველებმა 28 წლის მამაკაცი ამოიყვანეს – ვიდეოკადრები

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

„წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.