თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიტბორა – ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

მთებში თოვლის დნობის გამო თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ნაწილობრივ დაიტბორა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტომობილები გზაზე ვერ გადაადგილდებიან იმის გამო, რომ ის ნაწილობრივ დატბორილია. ახმეტის მერიის წარმომადგენელი ლადო კახოიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში და პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ დაიწყება.

შსს–ს საგანგებო განცხადება: რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

„გზის გაწმენდითი სამუშაოები 56-ე კილომეტრამდეა მისული, სწორედ იმ ტერიტორიამდე, საიდანაც ხელოვნური ტბა იწყება. თუმცა პრობლემა ახლა ტბის მიმდებარედ გაყვანილი გზაა, რომელიც მთაში თოვლის დნობის გამო წყლის მასამ დაფარა", – განაცხადა კახოიძემ.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.