საქართველოში მოპედებით და კვადროციკლებით გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე აიკრძალება

ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის მართვის მოწმობების ახალ კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებს შექმნიან
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. პარლამენტის ბიურო ორშაბათს დაარეგისტრირებს ცვლილებებს კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომელთა თანახმად მოპედებით და კვადროციკლებით გადაადგილებისათვის მართვის მოწმობა გახდება საჭირო, იუწყება პირველი არხი.

მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად ჩატარდება >>

მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შსს-მ შეიმუშავა.

ცვლილებების თანახმად, მართვის მოწმობების არსებულ კატეგორიებს დამატებითი ქვეკატეგორიები და კატეგორიები დაემატება.

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა ქალაქის პირობებში სავარაუდოდ ზაფხულიდან ჩატარდება

ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს A2 ქვეკატეგორიაც ემატება, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს. AM კატეგორიის მართვის მოწმობა მოპედის მართვის საშუალებას იძლევა, B1 - კვადროციკლის.

ასევე იცვლება მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი და 17 წლის ნაცვლად, 18 წელი ხდება. ასევე 17 წლიდან გაიცემა მოპედის, კვადროციკლის და ტრაქტორის მართვის მოწმობა.

ამასთან მოპედი და კვადროციკლი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება და, შესაბამისად, მათზე გავრცელდება ყველა არსებული რეგულაცია. ეს ნიშნავს, რომ მოპედის და კვადროციკლის მართვის ყველა მსურველს მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება მოუწევს იმავე წესის მიხედვით, როგორც ამას დანარჩენი მძღოლები აკეთებენ.