თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებმა ამიერიდან განაცხადში სოციალური ქსელების საკუთარი აკაუნტების სახელები უნდა მიუთითონ, განუცხადა РИА Новости-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადების ბლანკები, რათა ამერიკული ვიზის მოპოვების მსურველებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის იდენტიფიკატორების შესახებ სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა, გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, წესები ძალაში 31 მაისს შევიდა.
„ვიზის მოპოვების მსურველთაგან ამ დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ განმცხადებლების შემოწმების და მათი იდენტიფიცირების პროცესს სრულყოფს“, - აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.
მან ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა გაჩნდა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებაში აშშ-ში შესვლის მსურველთა შემოწმების გამკაცრების შესახებ.
Hill-ი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ განცხადებაში არსებობს შესაძლებლობა მიეთითოს, რომ განმცხადებელი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს, მაგრამ ტყუილის შემთხვევაში ამას „სერიოზული საიმიგრაციო შედეგები მოყვება“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს >>
ჩინოვნიკის თქმით, ეს ღონისძიებები მიმართულია „ტერორისტთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეების და სხვა საშიში პირების გამოვლენაზე“, რათა ქვეყანაში მათი შესვლა არ დაუშვან.