სკანდალი გრძელდება: ფოთის პორტის მფლობელი თავისი უფლებების დაცვას გეგმავს

კომპანიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში წარუდგინა ეკონომიკის სამინისტროს პორტის განვითარების, მათ შორის, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გეგმა
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია „IPM Terminals Poti“ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებს იხილავს, იუწყება პირველი არხი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ ფოთის პორტში იგეგმება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. განცხადების თანახმად, უნდა აშენდეს 1,6 ათასი მეტრის სიგრძის დამცავი მოლო და 700 მეტრის სიგრძის ნავსადგური. იქვე ითქვა, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მლნ დოლარია.

ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან>>

ამის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განგაში ატეხა. კომპანიის განცხადების თანახმად, „საუკუნის პროექტი“ - ასე უწოდებს მას საქართველოს ხელისუფლება - შესაძლოა ახალი გარემოებების გამო შეჩერდეს.

ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვას - ესაა ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის, გიორგი კაკაურიძის განკარგულებით, მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე, დამტკიცდა. კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ჩვენ საფუძვლიანად ვაანალიზებთ განკარგულების გაუქმების გადაწყვეტილებას და ვიხილავთ შესაძლო სამართლებრივ ღონისძიებებს, რომლებსაც შეიძლება მივმართოთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ გააგრძელებს ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა ფოთისა და მისი პორტის განვითარების მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება: რატომ გაათავისუფლეს სააგენტოს უფროსი

IPM-მა თავის ფაისბუქგვერდზე გამოაქვეყნა 2019 წლის 3 იანვრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იანვრის დასაწყისში კომპანიამ მშენებლობის დაწყების ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა პორტის განვითარების გეგმა, რომელშიც საუბარი იყო ასევე დაგეგმილ მშენებლობაზეც.

თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ანაკლიის პორტი წარმოადგენს.

იმავეს ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას, რათა ეს პროექტი ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტულ პროექტებს შორის მოხვედრილიყო. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ეს პროექტი პერსპექტიული პროექტების სიაში შეეტანათ. ძალიან მაინტერესებს, ვინ გააკეთა მეტი, მათ შორის, პარლამენტის ფარგლებს გარეთ, დღეს რომ საუბრობთ ჩასაფრებული პოზიციიდან. როდესაც ვამბობთ, რომ ეს სტრატეგიული პროექტია, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც სტრატეგიულია და ამისთვის ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან დასძინა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტისა და კონსორციუმის მიმართ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

„სახელმწიფო შეასრულებს ვალდებულებებს, კონსორციუმი და კერძო სექტორიც შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და პროექტი შედგება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ

როგორც მთავრობის მეთაურმა მიუთითა, სახელმწიფო 300 მლნ-ს დააბანდებს და გამოისყიდის რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების მიწებს. პარტნიორობის ფონდსაც აქვს აღებული 100 მლნ დოლარით თანადაფინანსების ვალდებულება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს ქართულმა კომპანიამ „TBC Holding“ და ამერიკულმა კომპანიამ „Conti International LLC“. ამჟამად კონსორციუმში შედიან „SSA Marine“ (აშშ), „British Wondernet Expres“ (ცენტრალური აზია) და „G-Star Ltd.“ (ბულგარეთი).

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მლნ დოლარი. სახელმწიფომ პროექტში კრედიტის სახით 100 მლნ დოლარის ჩადების პირობა დადო, კონსორციუმმა კი 120 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. დანარჩენი 400 მლნ კონსორციუმმა დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

„არ არის კითხვები, არის პრობლემები" – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ>>

კრედიტორები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ თანხის მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დახურონ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა.

უმთავრესი მოთხოვნა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაა. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეს კრედიტები, მეორე მხრივ, დააზღვიოს ტვირთების შემოტანის რისკი.

მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არ აპირებს კომერციული რისკების დაზღვევას.