საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია იქმნება

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების  ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია – ფარავნის, საღამოსა და აბულის ტბების აღკვეთილი იქმნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტს უკვე წარედგინა შესაბამისი ცვლილებები, რომლის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ფართობი მესამედით გაიზრდება

კანონპროექტის მიხედვით, ფარავნის ტბის აღკვეთილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი – 4031 ჰექტარს შეადგენს, საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობი კი – 629 ჰექტარს.

რაც შეეხება აბულის ტბის აღკვეთილს, ისიც  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი 211 ჰექტარია.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია მოიცავს ფარავანისა და საღამოს ტბებს, როგორც მნიშვნელოვან ჰაბიტატს ამიერკავკასიური ენდემებისა და კალმახის კონსერვაციის თვალსაზრისით.

საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიას გაერო დაეხმარება >>

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების  ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8,6%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.