თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე ქურდობის დროს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ბერძნული მედია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, პაპადიამანდოპულუს ქუჩაზე მოხდა. ქართველი მამაკაცი მეხუთე სართულზე სახლის გაქურდვას ცდილობდა, კორპუსის მაცხოვრებლებმა კი ხმაური გაიგეს და პოლიციაში დარეკეს.
საქართველოს მოქალაქემ კორპუსის სადარბაზოს ფანჯრიდან გადასვლა და გაქცევა სცადა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.
ქურდობაში მხილებული ქართველი მძიმედაა დაშავებული. ის საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.