მსოფლიო დღეს

საქართველოს მოქალაქეები ბარსელონაში მიტოვებული შენობიდან კვლავ გამოასახლეს

პოლიცია ამტკიცებს, რომ შენობა ქართველი კანონიერი ქურდების თავშესაფარი იყო
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბარსელონაში ინსტიტუტის მიტოვებული შენობიდან 119 ადამიანი გამოასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქე, იუწყება პირველი არხი ესპანურ მედიაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, ამ შენობაში ქართველი კრიმინალები იმალებოდნენ. მიტოვებულ შენობაში ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობა ქართველი კანონიერი ქურდების თავშესაფარი იყო. გამოძიების მონაცემებით, ეს ადამიანები 70-ზე მეტ ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

შვეიცარიაში ერთ-ერთ სახლში გასაქურდად შესულ ქართველებს ჩაეძინათ >>

ესპანური მედიის მონაცემებით, მიტოვებული შენობიდან ადამიანების გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. შენობიდან გამოსახლებული 79 საქართველოს მოქალაქიდან 28 ადამიანი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკავეს.

და ეს ესპანეთში ქართველი ემიგრანტების გამოსახლების პირველი შემთხვევა არ არის.

როგორ დავსაქმდეთ საფრანგეთში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით „მერლინ–ტაკა" ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა, რომელშიც ესპანელ პოლიციელებთან ერთად ქართული სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შედეგად დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოს 66 მოქალაქე: 25 ადამიანი ბინების ქურდობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით, ხოლო 41 – საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებზე საქართველოდან გაზრდილი მიგრაციის და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს ხშირად აყენებენ.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

საქართველო საფრანგეთს მაფიასთან ბრძოლაში დაეხმარება >>

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.