მსოფლიო დღეს

იტალიაში ქართველი პატიმარი დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან - ადვოკატი

ჭელიძის ადვოკატები ხელისუფლებას საკითხის დროულად დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik.  32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძე იტალიის ციხეში აწამეს და გაუპატიურებით ემუქრებიან, განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭელიძის უფლებადამცველებმა.

საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ბინის ქურდობისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ანტონ ჭელიძე იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა.

„შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა სცადა", - აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. 

ტუკვაძის განცხადებით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წამებით ემუქრებიან. პატიმარმა დანაშაული არ აღიარა. იგი იზოლატორში აწამეს, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასჯელად.

ადვოკატების თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჭელიძის ადვოკატები ხელისუფლებას საკითხის დროულად დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.