„ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი": თბილისი საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

ქალაქის ხელისუფლების სურვილია ქალაქის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება გაიზიაროს, ამისთვის თბილისში სპეციალისტები შეიკრიბებიან.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი" 31 მაისს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია>>>

რიგით მეთერთმეტე ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის ექსპერტები. ფორუმის მონაწილეები ურბანული განვითარების საკითხებში თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ.

„ისტორიული დღეა" - კალაძე თბილისის მომავალზე

„ამ თემაზე სამსჯელოდ თბილისში გვინდა ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც საუბარი იქნება ურბანულ სფეროში გამოწვევებზე, თუ რა გზებით იბრძოდნენ სხვადასხვა ქალაქებში მათ გადასაჭრელად და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო", - განაცხადა კალაძემ.

მარტის შუა რიცხვებში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას ითვალისწინებს.

გენგეგმის მიხედვით, თბილისი განვითარდება ოთხი ძირითადი კონცეფციით: „კომპაქტური ქალაქი", „მწვანე ქალაქი", „კარგად შეკავშირებული ქალაქი" და „მედეგი ქალაქი".

აღნიშნული კონცეფციის მონაცემები წარმოადგენს ისეთ პოლიტიკას, რომელიც, ერთის მხრივ, გარემოს დაცვას გულისხმობს, ხოლო მეორეს მხრივ - ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს. ის ითვალისწინებს ტერიტორიის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას და წარმოადგენს საცხოვრებელი სექტორის, დასაქმებისა და დასვენების ბალანსის წინაპირობას.

ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საბინაო ფონდის განვითარება. პრიორიტეტული გახდება არამარტო ქალაქის შიდა ტერიტორიების ათვისება, არამედ მათი ტევადობის გაზრდა განახლებისა და ხელახალი დაგეგმარების ხარჯზე.